Sunday, August 2, 2020

სპირულინა და ქლორელა

ეს უცნაური დასახელების მქონე ორივე ,,არსება'' მიკროწყალმცენარეების ჯგუფს მიეკუთვნება. მათ უამრავი რამ აქვთ საერთო და ამავდროულად, საოცრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ორივე მათგანი გვხვდება სუპერფუდების ჩამონათვალში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვეულებრივზე დიდი რაოდენობით შეიცავენ საკვებ ნუტრიენტებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს.

ფორმა

სპირულინა მრავალუჯრედიანი უბირთვო მიკროორგანიზმია, რომელსაც სპირალისებური ფორმა აქვს, სწორედ აქედან მოდის მისი დასახელებაც. ქლორელა კი პირიქით, ერთუჯრედიანი, სფეროსებრი ფორმის ბირთვიანი მიკროორგანიზმია. სპირულინა ზოგჯერ 100-ჯერ უფრო გრძელი შეიძლება იყოს, ვიდრე ქლორელა. სპირულინა მუქი მწვანე ფერისაა, ქლორელა კი, პირიქით - ღია მწვანე.




მოპოვება

მათი კულტივაციაც განსხვავდება - ორივე მათგანს სუფთა ჟანგბადით სავსე წყლებში ვხვდებით, თუმცა სპირულინა სხვა მცენარეებთან ერთად არ იზრდება, რაც აადვილებს მის გადამუშავებას. ქლორელა კი პირიქით, თავისი მიკროსკოპული ზომიდან გამომდინარე საჭიროებს დამხმარე ორგანიზმებს, რაც მის მოპოვებას რამდენადმე ართულებს. რაც შეეხება მათ გადამუშავებას, ქლორელას დამუშავება ბევრად რთულ და ძვირ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, ვიდრე სპირულინასი.

შემადგენლობა

სპირულინა დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას და ცილას. გარდა ამისა მასში არის რვავე შეუცვლელი ამინომჟავა; კალიუმი, თუთია, კალციუმი; ვიტამინი B1, B2, B3, B6 და B12. სპირულინა მდიდარია ბეტა-კაროტინით (პროვიტამინ A), ხოლო ქლორელა შეიცავს ბევრ ქლოროფილს - მცენარეულ პიგმენტს, რომელიც აჯანსაღებს იმუნურ სისტემას, წმენდს ტოქსინებისგან სხეულს და სხვ. სპირულინაში ასევე არის ომეგა-6, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ცხიმოვანი მჟავაა.



მოქმედება

რაც შეეხება ამ მწვანე წყალმცენარეების სასარგებლო ეფექტებს, ისინი აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ორგანიზმიდან გამოდევნიან მძიმე მეტალებს, აქვთ სოკოვანი ინფექციების  საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, აწესრიგებენ სისხლის წნევას, აჩქარებენ მეტაბოლიზმს და ხელს უწყობენ ცხიმების წვას, აქვთ სინუსიტის საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებენ გულის შეტევის რისკს, აქვთ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება და ორგანიზმს ავსებენ ენერგიით.

როგორ მივიღოთ სპირულინა და ქლორელა?

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მათგანი წყალმცენარეა, არც თუ ისე სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა და თუ მათ მიღებას პირველად აპირებთ, გირჩევთ აბების სახით მიიღოთ. რაც შეეხება ფხვნილს, მისი გახსნა შესაძლებელია თითქმის ყველა სახის სითხეში. დღიური ნორმა სხვადასხვა გაიდლაინებით საშუალოდ 1-დან 10 გრამამდე მერყეობს, თუმცა ყველა კარგი ხარისხის დანამატს დოზირება ყოველთვის აქვს მითითებული ეტიკეტზე. სპირულინას და ქლორელას გამოყენება დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ოდნავ განსხვავებული დოზირებით.

Saturday, February 29, 2020

დედა, ლიზა და კორონა ვირუსი

წინა პოსტის წაკითხვის შემდეგ ოჯახში ქოთქოთი დაიწყეს, რა დროს დიეტაა, ხალხი კორონაზე წაიკითხავს ეგ დაწერეო :D არ ვაპირებ დღეს კორონაზე დამატებით ათასი ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებას, ისედაც უამრავ მითითებას ვიღებთ ყოველდღიურად და ალბათ უკეთესი იქნება იმ ადამიანურ მომენტებზე მოგიყვეთ, რაც კორონას საქართველოში შემოსვლას მოყვა.

მაშ ასე, დღე მეოთხე.
დიახ, დღეს მეოთხე დღეა რაც საქართველოში კორონა ვირუსის არსებობა დადასტურად. რაღაცნაირი დღეა, ამინდიც ისეთია, პირქუში.
ზღვის პირას რომ ვცხოვრობდეთ, ვიფიქრებდი შტორმი იქნებათქო.
ვინც არ იცით, გეტყვით რომ ჩემი და თბილისის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობს, ექიმია. სხვებისთვის ექიმი, თორემ ჩემთვის ნამდვილი გმირი. ხოდა ალბათ წარმოგიდგენიათ რამდენად უფრო მეტად ვშფოთავთ კორონაზე ჩვეულებრივი მოსახლეობისგან განსხვავებით.

არ ვიცი ასეთ მომენტში რამდენი რაღაც გაღელვებს ერთად - დაუცველობის შეგრძნება, შიში როგორც საკუთარი თავის, ისე შენთვის ძვირფასი ადამიანების გამო, უსუსურობის განცდა, თითქოს რომ არც არაფერია შენზე დამოკიდებული, მოლოდინი, გაურკვევლობა...

ლიზა კორონას გავრცელების სტატისტიკას 31 დეკემბრის მერე აკვირდება. ლამის ყოველდღე, ძილისწინ ,,ტკბილი ძილის'' ნაცვლად ჩაესმოდა ამ 2 თვის მანძილზე BBC-ისა და CNN-ის ნიუსები. ამის მერე კი WHO-ს ყოველდღიურ რეპორტსაც უზის დამატებითი ,,ტკბილი ძილისთვის''. და მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ზუსტად იცოდა აქაც მოვიდოდა, მაინც დიდი შფოთვით ადევნებს თვალყურს ახალ ამბებს.

სასაცილო იყო რომ გუშინ საღამოს ორივეს მოგვეჩვენა ტემპერატურა გვქონდა. თერმომეტრმა კი მხოლოდ ვალერიანის წვეთები გვირჩია :D

დედა კიდევ უფრო ჩუმ შფოთვაშია. ძალიან უნდა მთელი წლის სურსათი მოიმარაგოს, ყველა სახლში გამოგვკეტოს და დათვურ ცხოვრებას მივეცეთ :D მგონი რომ მისცე საშუალება, უარს ნამდვილად არ იტყოდა.

დღეს ანტიბაქტერიული ხელსაწმენდები მოიმარაგა, ნიღბები კი ისევ ვერ იშოვა.

მოკლედ, ნელ-ნელა იგრძნობა ქვეყანა და შენი ქალაქი როგორ ვარდება პანიკაში ვირუსის გამო.

როგორ დავიცვათ ჯანსაღი დეიტა?

დიეტის დროს აუცილებელია დაბალანსებული კვების რაციონი და ფიზიკური აქტივობა. დაბალანსებულ კვებაში იგულისხმება სწორი რაოდენობით შერჩეული ცილები, ჯანსაღი ცხიმები (მაგალითად ომეგა-3, ომეგა-6, ქოქოსის ზეთი), ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სითხე (შაქრის გარეშე). იმისთვის რომ ორგანიზმმა კარგად იფუნქციონიროს, აუცილებელია დღიურად მინიმუმ 1,5 ლ სითხის მიღება (ცხელ პერიოდში უფრო მეტის).


ორგანიზმის დაახლოებით ერთ მეხუთედს შეადგენს ცილა. ის გამოიყენება ნორმალური ზრდისთვის, რეგენერაციისა და ქსოვილების განვითარებისთვის (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთოვანი ქსოვილებისათვის). აუცილებლად გასათვალისწინებელია ცილის წყაროც: ჯანსაღი ხორცი - თევზი, ქათამი, ძროხა; პარკოსანი მარცვლეული კულტურები - სოია, მუხუდო, ოსპი, ბარდა და ა.შ; კვერცხი; რძე და რძის პროდუქტები.

ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა მთელს ორგანიზმში. ისინი აუცილებელია კუნთებისათვის და შესაბამისად, ფიზიკური აქტივობისათვის. არსებობს მარტივი და რთული ნახშირწყლები. მარტივი ნახშირწყლები სწრაფად იშლება ორგანიზმში და მისი სახეობაა ხილის წვენი, თაფლი და სხვა. ისინი კარგად გამოიყენება ვარჯიშის დროს: აუმჯობესებენ კუნთოვან ქსოვილში ცილების მიტანას და სწრაფად ანიჭებენ ორგანიზმს ენერგიას. ხოლო რთული ნახშირწყლები უფრო ნელა იშლება და მისგან მიღებულ ენერგიას ორგანიზმი ხანგრძლივი დროის მანძილზე მოიხმარს. მისი წყაროა სპელტი, შვრია, ჭვავი, ქერი და სხვა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმების მიწოდება ორგანიზმისთვის. ისინი აუცილებელია ცხიმში ხნადი ვიტამინებისა და ჰორმონების ტრანსპორტირებისათვის. ომეგა მჟავები, ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.


ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად მეტაბოლური პროცესი კლებულობს. ამიტომ ხშირად 40 წლის ასაკში უფრო რთულია წონაში დაკლება, ვიდრე მანამდე. მსგავს შემთხვევაში სასურველია ისეთი დანამატების მიღება, რომლებიც ბუნებრივად აძლიერებენ მატაბოლურ პროცესს - მწვანე ჩაი, მწვანე ყავა, მატჩა, ასაი, ჟოლოს კეტონები, კამბოჯური გარცინია და ა.შ.

დიეტის დროს აუცილებელია სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ორგანიზმისთვის მინერალების, ვიტამინების და სითხის შესაბამისი რაოდენობით მიწოდება; ჯანსაღ შედეგისთვის სასურველია კვირის მანძილზე დაახლოებით 1 კგ-ს დაკლება. ასეთ შემთხვევაში მიღწეული შედეგის შენარჩუნება ბევრად იოლია, ვიდრე სწრაფი კლების დროს.
x

Wednesday, February 26, 2020

კუნელის სამკურნალო თვისებები

       კუნელი ლათინური სიტყვიდან Crataegus-დან მოდის, რაც ნიშნავს მაგარს, მყარს, ძლიერს. ის ვარდისებრთა ოჯახის ეკლოვანი ბუჩქია და აერთიანებს 260-მდე სახეობას. აქედან დაახლოებით 60 ჯიში არის ევროპისთვის და აზიისთვის ენდემური, ხოლო დანარჩენი მათგანი ძირითადად გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში.  მისი ყვავილები, ფოთლები და ნაყოფი საუკუნეების მანძილზე ფართოდ გამოიყენებოდა როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინაში. ზოგჯერ იყენებდნენ მის მერქანსაც.
        კუნელის სხვადასხვა ჯიში ადვილად განიცდის შეჯვარებას და ეს ხელს უწყობს მუდმივად ახალი ფენოტიპის წარმოქმნას. სწორედ ამიტომ ძნელად თუ მოიძებნება მცენარე, რომელიც უფრო მეტად აბნევს ბოტანიკოსებს, ვიდრე კუნელი.
        მცენარეულ მედიცინაში ყველაზე ფართოდ ჩვეულებრივი კუნელი (Crataegus monogyna) და ინგლისური კუნელი (Crataegus laevigata) გამოიყენება. ორივე მათგანს აქვს ერთნაირი სამკურნალო მოქმედების მექანიზმი და მიღების წესი.


        კუნელს ფარმაკოლოგიური მიზნით აგროვებენ ინგლისში და ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიცაა ალბანეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. მოგროვილ  ყვავილებსა და ფოთლებს აშრობენ დაახლოებით 35°C-ზე. ხოლო რაც შეეხება ნაყოფს, მას უფრო მეტი დრო და ტემპერატურა სჭირდება გამოსაშრობად. მცენარის მშრალი ნედლეული ინახება სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ჰერმეტულ ტარაში. ასეთი გზით შენახული მცენარის ნაწილები სასარგებლო თვისებებს დაახლოებით 3 წლის მანძილზე ინარჩუნებს.
        ბოლო დრომდე მიჩნეული იყო რომ სამკურნალო თვისებებით მხოლოდ კუნელის ნაყოფი გამოირჩეოდა. უკანასკნელმა კვლევებმა კი დაადასტურა, რომ მისი ყვავილიც და ფოთლებიც მეტ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, ამიტომ კუნელის პრეპარატები მზადდება მისი შემადგენელი ნაწილების სხვადასხვა კომბინაციით. სტანდარტის მიხედვით კი პრეპარატი უნდა შეიცავდეს 2,2% ფლავანოიდებს ან 18,75% ოლიგომერულ პროანტოციანიდინებს.
        გარდა ფლავანოიდებისა და ფენოლებისა (ქლოროგენური და კოფეინის მჟავა), კუნელის შემადგენლობაში შედის საპონინები, ურსოლის მჟავა, ამინები (დოფამინი, აცეტილქოლინი და თირამინი) და ოლეანოლის მჟავა. კურკაში გვხვდება ანტოციანინი, მსგავსად სხვა კენკროვანი ხილისა, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება. თვითონ ნაყოფში კი დიდი რაოდენობით ესენციური ზეთები, პექტინი და C ვიტამინია.
        კუნელის გამოყენება სამედიცინო თვალსაზრისით, მსგავსად სხვა მრავალი სამკურნალო მცენარისა, დამოკიდებულია მასში არსებული ქიმიური ნივთიერებების კომბინაციაზე. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ კუნელი არ შეიცავს აქტიურ საგულე გლიკოზიდებს, რომლითაც მდიდარია სხვადასხვა სინთეზური გზით მიღებული საგულე პრეპარატები.


        მცენარეულ მედიცინაში კუნელი უმთავრესად გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა გარდა ამისა, მას გააჩნია ადამიანის ორგანიზმზე დადებითი მოქმედების ძალიან ფართო სპექტრი. ექიმებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს დადებითი კავშირი კუნელის მოხმარებასა და გულის ჯანსაღ ფუნქციონირებას შორის კარდიოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებში. კუნელი მიჩნეულია კარგ საპრევენციო საშუალებად ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი კარდიოვასკულარული დავადებების დროს.
        მექანიზმი, რის გამოც კუნელი ფართოდ გამოიყენება  საგულე პრეპარატებში - უზრუნველყოფს სისხლის კარგ მიწოდებას გულის გარშემო არსებულ სისხლძარღვებში, რაც შემდგომში განაპირობებს გულის კუნთების ძლიერ მეტაბოლიზმს. ეს ნიშნავს გულის კუნთების გამართულ მუშაობას და ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ მეტ გამძლეობას.
        კუნელის ექსტრაქტი ძირითადად გამოიყენება გულის უკმარისობის ადრეულ ეტაპებზე, რომელიც გამოწვეული სასუნთქი გზების დაავადებებით, პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიებით და შეშუპებისკენ (ქსოვილებში და ღრუ ორგანოებში სითხის ჭარბი რაოდენობით დაგროვება) მიდრეკილებით.
        ზოგიერთი ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ხანგრძლივი დროის მანძილზე ჰიპერტენზია, ინფარქტი, გულის სარქველებთან ან კუნთებთან დაკავშირებული პათოლოგიები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ასთმა, ემფიზემა - მცირდება გულის უნარი მიაწოდოს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლი. ეს თავის მხრივ შემდგომში უკვე განაპირობებს ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების ნაკლები რაოდენობით მიწოდებას ორგანიზმისთვის. საერთო სისუსტე, დაღლილობა და სუნთქვის პრობლემები გულის უკმარისობაზე მიუთითებს.
        გულის დაავადებების ადრეულ სტადიაზე მყოფ პაციენტებს ექიმები ურჩევენ კუნელის და კოენზიმ Q10-ის ერთად მიღებას. ორივე მათგანი დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და შეუძლია რამდენადმე შეამციროს სერიოზული პათოლოგიის ჩამოყალიბება და თავიდან ააცილოს პაციენტს შემდგომში ძლიერი სინთეზური პრეპარატების საჭიროება.


        რამოდენიმეჯერ ჩატარებულმა ორმაგმა ბრმა კვლევამ (კვლევის სახეობა, როდესაც არც ექიმი და არც პაციენტი არ ფლობს ინფორმაციას პლაცებოს ცდიან თუ ნამდვილ პრეპარატს) ცხადყო, რომ კარდიოვასკულარული პათოლოგიების მქონე პაციენტებში ფიზიკური აქტივობის დონე გაზრდილი იყო. გარდა ამისა, ეკგ-მ დაადასტურა გულის კუნთის გაუმჯობესებული მოქმედება. ესეთი შედეგი კი გამოიწვია კუნელის ექსტრაქტის სტანდარტული დოზის მიღებამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
        კუნელი ასევე დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლძარღვთა მუშაობაზე - ამცირებს არტერიების წინაღობას სისხლის უკეთესი მიმოქცევისთვის. ეს დაკავშირებულია მის უნართან ინჰიბირება გაუწიოს ანგიოტენზინ 2-ს.
        ზოგჯერ კუნელი გამოიყენება წნევის დონის დასარეგულირებლად, როგორც მაღალი, ისე დაბალი წნევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ექიმები ხანდაზმულ პაციენტებს არითმიების დროსაც ურჩევენ კუნელის ექსტრაქტის მიღებას. მისი გამოყენება ასევე სასურველია ჰიპერტენზიის დროს, რომელიც გამოწვეულია ათეროსკლეროზით ან თირკმლის უკმარისობით.
        კუნელი დადებითად მოქმედებს სტენოკარდიის შემთხვევაშიც. ასეთ დროს პაციენტები უჩივიან ტკივილს გულ-მკერდის არეში, რისი მიზეზიც გულის კუნთისთვის ნაკლები რაოდენობით მიწოდებული სისხლი და ჟანგბადია. ფიზიკური აქტივობა და სტრესი ხშირად ხდება სტენოკარდიის მაპროვოცირებელი ფაქტორი. 1983 წელს 60 პაციენტს, რომელიც ხშირად უჩიოდა სტენოკარდიულ შეტევებს, 3 კვირის მანძილზე აძლევდნენ 180 მგ კუნელის ექსტრაქტს. კვლევა ამ შემთხვევაშიც ორმაგი ბრმა მეთოდით ჩატარდა. სამი კვირის შემდეგ ეკგ-მ დაადასტურა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და პაციენტების ფიზიკური აქტივობის დონეც გაზრდილი იყო.
        გამომდინარე იქიდან, რომ კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მას აქვს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება. ის კარგად გამოიყენება ისეთ პაციენტებში, ვისაც აწუხებს მეხსიერების პრობლემა. ექიმები ხშირად ურჩევენ კუნელის და გინკგოს ერთად მიღებას. ორივე მათგანს ახასიათებს თავის ტვინისთვის ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების უკეთ მიწოდება. კუნელი სასარგებლოდ მოქმედებს ნიორთან და არნიკასთან ერთად, ვინაიდან ამ მცენარეებს შეუძლიათ გააუმჯობესონ სისხლის მიმოქცევა. კუნელი სასარგებლოდ მოქმედებს წვრილ კაპილარებზეც, ამიტომ თუკი თქვენ ადვილად და ხშირად გემჩნევათ დაჟეჟილობა, კუნელი დაგეხმარებათ ასეთ დროს.


        კუნელის ყვავილი, ფოთლები და ნაყოფი დამამშვიდებელი ეფექტით ხასიათდება მომნელებელ სისტემაზე. მიჩნეულია, რომ ის აძლიერებს მადას და ხსნის შებერილობას. ხოლო მისი კენკრისგან დამზადებული ნაყენი გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ.
        დიურეტიკული თვისებებიდან გამომდინარე, კუნელი კარგად გამოიყენება შეშუპებების დროს. ექიმები თვლიან, რომ ის ასევე კარგი საშუალებაა თირკმლის კენჭების დასაშლელად.
        სედატიური თვისებების გამო, კუნელის ექსტრაქტს ურჩევენ ექიმები ნერვული აშლილობის, ინსომნიის, შფოთვის და აჩქარებული გულისცემის დროს. მენოპაუზის შემთხვევაში ხსნის ღამის ოფლიანობას და მასთან დაკავშირებულ სხვა სიმპტომებს. კარგად მოქმედებს ბარამბოსთან, კრაზანასთან და შვრიასთან კომბინაციაში.
        რაც შეეხება დოზირებას, კუნელის ექსტრაქტის დღიური დოზა 160-დან 900 მგ-მდეა. მისი მიღება უმჯობესია 2 ან 3 პორციად დღეში. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ მწარმოებლის მიერ მოწოდებული რეკომენდაცია და ინსტრუქცია. მათ კი, ვისაც ურჩევნიათ უფრო ტრადიციული მეთოდით მიიღონ ამ მცენარისგან სარგებელი, შეუძლიათ დღიურად 4-5 გრამი ნაყოფისგან ან 1-2 გრამი გამომშრალი ყვავილებისა და ფოთლებისგან დამზადებული ჩაი მიირთვან. ხოლო თუ წვეთების სახით სურთ გამოყენება, მაშინ დღიურად 20-30 წვეთი კუნელის ნაყენი მცირე რაოდენობის წყალთან ერთად დღეში ერთხელ ან ორჯერ მიიღება. სასურველი შედეგის მისაღწევად ერთიდან ორ თვემდე გვირჩევენ ექიმები კუნელის ექსტრაქტის გამოყენებას.
        კუნელს ჩვეულებრივ, არ ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა უმჯობესია გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს. სიფრთხილით ინიშნება ვიაგრასთან და კლონიდინთან, ასთმის მკურნალობისას  და სხვა საგულე მცენარეულ პრეპარატებთან ერთად. შეიძლება გაზარდოს სხვა ისეთი მედიკამენტების მოქმედება, როგორებიცაა ბეტა ბლოკატორები და ანტი-ჰიპერტენზიული საშუალებები. ორსულ ქალბატონებს ურჩევენ არ გამოიყენონ კუნელი, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფორმაცია მსგავს შემთხვევებში მის უსაფრთხო მოხმარებაზე.
        აუცილებელია გახსოვდეთ, რომ გულის დაავადება საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა და ყოველთვის საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

Thursday, November 28, 2019

ცელიაკიას დამახასიათებელი ყველაზე ხშირი სიმპტომები

ცელიაკია მიეკუთვნება აუტოიმუნურ დაავადებებს. ის თითქმის ყველა ადამიანში განსხვავებულად მიმდინარეობს და დიაგნოზის დასმაც ამიტომ რთულდება. ცელიაკი ზოგჯერ ვითარდება ბავშვთა ასაკში, ზოგჯერ კი ზრდასრულებში, რისი მიზეზიც დღეს დაუდგენელია. მისი 200-მდე დამახასიათებელი სიმპტომი არსებობს და მათი უმრავლესობა მომნელებელ სისტემაზე ახდენს გავლენას.

ზოგჯერ, ცელიაკია მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ან სიმპტომები იმდენად მცირედ აღინიშნება, ადამიანები მას არაფერთან აკავშირებენ. ამის მიუხედავად, ცელიაკიაზე ჩატარებული სისხლის ანალიზი დადებითია ხოლმე. გარდა ამისა არსებობს შემთხვევები, როდესაც სისხლის ანალიზი ცელიაკიაზე უარყოფითია, თუმცა წვრილი ნაწლავების ბიოფსია ამ დიაგნოზს ადასტურებს. ცელიაკიის მქონე ნებისმიერი ადამიანი უგლუტენო დიეტის გარეშე სხვადასხვა მძიმე პათოლოგიის განვითარების რისკის ქვეშაა.

როგორ მივხვდეთ გვაქვს თუ არა ცელიაკია?

ზრდასრულების მხოლოდ ერთ მესამედშია გამოხატული ცელიაკიით გამოწვეული დიეარეა და მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. უფრო ხშირად აღინიშნება შემდეგი პათოლოგიები, რომელიც არ ან ძნელად ექვემდებარება მკურნალობას:

  • რკინა დეფიციტური ანემია;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • ძვლებისა და სახსრების ტკივილი;
  • ართრიტი;
  • ოსტეოპოროზი ან ოსტეოპენია;
  • ღვიძლისა და სანაღვლე სადინრების პათოლოგიები;
  • დეპრესია და შფოთვა
  • პერიფერიული ნეიროპათია (ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;
  • შაკიკი და კრუნჩხვები;
  • მენსტრუალური ციკლის არ ქონა;
  • უშვილობა ან განმეორებითი შეწყვეტილი ორსულობა;
  • წყლულოვანი ინფექციები პირის ღრუში;
  • დერმატიტები;

თუ ეს სიმპტომები ხშირად და მოულოდნელად ვითარდება, სასურველია მიმართოთ ექიმს, რაათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები.

Monday, October 21, 2019

ვიტამინები და მინერალები - როგორ მოქმედებენ ისინი ორგანიზმზე და რისი გამოწვევა შეუძლიათ მათ დეფიციტს?

ვიტამინები და მინერალები მნიშვნელოვანი შენაერთებია, რომლებიც მონაწილეობენ ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესში. ისინი აუცილებელია სხეულის ნორმალური ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისათვის. რომელიმე ვიტამინის ან მინერალის ნაკლებობამ შეიძლება სხვადასხვა მძიმე დაავადება განავითაროს. შემთხვევათა უმრავლესობაში ასეთი დაავადებები ფარულად და უსიმპტომოდ მიმდინარეობს, რაც შემდგომში ხელს უწყობს გამოიწვიოს: უძილობა, შფოთვა, დეპრესია, სიმსუქნე, დიაბეტი, თმის ცვენა, კანისა და ფრჩხილების მტვრევადობა, უენერგიობა, ძვლების ხშირი მოტეხილობა, აკნე, ფსორიაზი, დერმატიტი და სხვ.

ვიტამინები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა - წყალში ხსნადი და ცხიმში ხსნადი. მათ უმრავლესობას ორგანიზმი ვერ ასინთეზებს, ამიტომ საჭიროა ყოველდღიურ რაციონში ვიტამინებით მდიდარი საკვების ჩართვა, განსაკუთრებით კი ხილისა და ბოსტნეულის.

რაც შეეხება მინერალებს, აქაც განსაზღვრავენ ხოლმე ორ ჯგუფს: მიკრო (დღეში დაახლოებით 15 მგ-მდეა საჭირო) და მაკრო (დღეში დაახლოებით 100 მგ-ზე მეტია საჭირო) მინერალები. მაკრო მინერალებს მიაკუთვნებენ ისეთ ელემენტებს, რომლებსაც ადამიანის ორგანიზმი დიდი რაოდენობით მოიხმარს. მაგ, კალციუმი და მაგნიუმი, ორივე მათგანი აუცილებელია ძვლოვანი და კუნთოვანი ქსოვილების ჯანმრთელობისათვის. რაც შეეხება მიკრო მინერალებს, მათ ორგანიზმი ძალიან მცირე რაოდენობით მოიხმარს, თუმცა ეს არ ამცირებს მათ როლს სხეულის გამართულ ფუნქციონირებაში. მაგ, სელენი, თუთია, რკინა, ქრომი - ყველა მათგანი მიკრო მინერალებს მიეკუთვნება.

ვიტამინები და მათი ძირითადი ფუნქციები:

  • A ვიტამინი - ეს ცხიმში ხსნადი ვიტამინი აუცილებელია ჯანმრთელი მხედველობისათვის. მისი ნაკლებობის დროს ვითარდება ე.წ. ,,ქათმის სიბრმავე’’, როდესაც ღამით მხედველობა სუსტდება. A ვიტამინი აჯანსაღებს იმუნურ სისტემას და იცავს სასუნთქი გზების, შარდ-სასქესო სისტემისა და პირის ღრუს უჯრედებს ბაქტერიული ინფექციებისგან. იმ ბავშვებს, რომლებსაც A ვიტამინს შესაბამისი რაოდენობა აქვთ ორგანიზმში, უადვილდებათ ისეთი ვირუსული ინფექციების გადატანა, როგორიცაა წითელა და ჩუტყვავილა.
  • B ჯგუფის ვიტამინები - ეს ჯგუფი აერთიანებს წყალში ხსნად სხვადასხვა ვიტამინს, რომლებიც ძირითადად მონაწილეობენ უჯრედების აღდგენით პროცესებში, საკვები ნივთიერებების გადამუშავებაში, სტრესის დაძლევასა და ადამიანის ჯანსაღი მიკრობიომის ფორმირებაში.
  • ვიტამინი B1 (თიამინი) - მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი თავის ტკივილი, მუდმივი დაღლილობის განცდა, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება, გულისრევა, მადის დაქვეითება, გაღიზინება, დეპრესია და მუცლის ღრუს ტკივილი. თიამინი აუმჯობესებს თავის ტვინის შემეცნებით ფუნქციებს, დასწავლის პროცესს, ენერგიის წარმოქმნას და იცავს ორგანიზმს დაბერებისგან.
  • ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) - ამ ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ნერვული და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებს, კანისა და მხედველობის პრობლემებს, ანთებით პროცესებს, ჰორმონალურ დისბალანსს, მეტაბოლიზმის შენელებას და მომნელებელი სისტემის დაავადებებს. ის აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების წარმოქმნისათვის. სწორედ ეს უჯრედები ახორციელებენ ჟანგბადის გადატანას მთელს ორგანიზმში. ეს ვიტამინი დადებითად მოქმედებს იმ ადამიანებზე, ვისაც აწუხებს შაკიკი და ჭარბი წონა.
  • ვიტამინი B3 (ნიაცინი) - მისმა ნაკლებობამ შეიძლება განაპირობოს ქოლესტერინის დონის მომატება, ღვიძლის დაავადებები, ათეროსკლეროზი, კანის პიგმენტაციის პრობლემები, თავის ტკივილი, უენერგიობა, დეპრესია, დეზორიენტაცია, თავბრუსხვევა, დაღლილობა, მადის დაკარგვა ან წონის მომატება, გულისრევა და დიარეა. ეს ვიტამინი აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აქვს მძიმე ფიზიკური დატვირთვა.
  • ვიტამინი B5 (პანტოთენის მჟავა) – B ჯგუფის ვიტამინებიდან ამ ვიტამინს აქვს ყველაზე ფართო სპექტირს მოქმედება მთელს ორგანიზმზე. მისი ნაკლებობის დროს ვლინდება მომატებული დაღლილობა, დეპრესია, გაღიზიანება, უძილობა და ძილის პრობლემები, კუნთების სპაზმი, კუჭ-ნაწლავის პრობლემები, ზედა სასუნთქი გზების პრობლემები და სხვ. ის ხელს უწყობს ორგანიზმს ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებაში. მამაკაცებში აუცილებელია ტესტოსტერონის გამომუშავებისათვის.
  • ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) - სხვანაირად მას ახალგაზრდობის ვიტამინსაც უწოდებენ. ამ ვიტამინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ხასიეთის ცვალებადობა, დეპრესია, შფოთვა, დაბნეულობა, დაღლილობა, უენერგიობა, უძილობა და ძილთან დაკავშირებული პრობლემები, კუნთების ტკივილი, პრემენსტრუალური სიმპტომების გაუარესება, ანემია, კვებითი აშლილობა, წონაში მომატება და ა.შ. B6 ვიტამინზე დამოკიდებულია ,,ბედნიერების’’ ჰორმონის ანუ სეროტონინის გამომუშავება.
  • ვიტამინი B7 (ბიოტინი) - ის აუცილებელია ჯანსაღი თმის, კანისა და ფრჩხილებისთვის. ბიოტინი აუმჯობესებს სხვადასხვა ფერმენტის გამომუშავების პროცესს და მათ მოქმედებას. მისი ნაკლებობა შეიძლება გახდეს დერმატიტის, ეგზემის, ფსორიაზის და აკნეს მიზეზი; თმის ცვენა, არაჯანსაღი სტრუქტურის თმა, მტვრევადი ფრჩხილები, კანის პიგმენტაციის დარღვევა - ეს ყველაფერი დაკავშირებულია ხშირად ბიოტინის დეფიციტთან. B7 სასარგებლოდ მოქმედებს დიაბეტის მქონე პაციენტებზე.
  • ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა) - ის ერთ-ერთი იმ ვიტამინთაგანია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშნვნელოვანია რეპროდუქციული (გამრავლების) სისტემისთვის. ხშირად გადამწყვეტ როლს თამაშობს ნაყოფის სწორ განვითარებასა და ჩამოყალიბებაზე. ამიტომ ქალებს, რომლებიც არიან ორსულად ან გეგმავენ ორსულობას, ექიმები ყოველთვის ურჩევენ ფოლიუმის მჟავას. მისმა ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, არასწორი ზრდა-განვითარება, მადის დაკარგვა, გინგივიტი (ღრძილების ანთებითი პროცესი), სუნთქვის უკმარისობა, დიარეა, გაღიზიანება, გულმავიწყობა და სხვ.
  • ვიტამინი B12 (კობალამინი) - ეს ვიტამინი განაპირობებს ჟანგბადის სწორ ტრანსპორტირებას მთელს სხეულში. მისი ნაკლებობა იწვევს ანემიას, კანის სიყვითლეს ან ფერმკრთალობას, დაღლილობას, უენერგიობას, თითების დაბუჟებას ან ჩხვლეტის შეგრძნებას, გადაცივებულ კიდურებს, კუჭის წყლულს, მხედველობის გაუარესებას, ხასიათის ცვალებადობას და სხვ.
  • C ვიტამინი - ის აძლიერებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს სხვადასხვა მავნე ზემოქმედების ფაქტორისგან. გარდა ამისა, C ვიტამინი ეხმარება სხეულს ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებში. ის აუცილებელია სახსრების, ხრტილებისა და იოგების გამართული მუშაობისათვის. C ვიტამინი აუმჯობესებს კოლაგენის ბოჭკოებისა და ჰიალურონის მჟავის ფორმირებას. ორივე მათგანი სილამაზის და ახალგაზრდობის ხელშემწყობი აუცილებელი კომპონენტებია.
  • D ვიტამინი - ყველა სხვა ვიტამინისგან განსხვავებულ ამ ნაერთს ადამიანის ორგანიზმი თვითონ ასინთეზებს და მოიხმარს ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციებისათვის, როგორიცაა ჰორმონების სინთეზი, ძვალ-სახსროვანი სისტემა, ნერვული სისტემა და სხვ. D ვიტამინს მისი ფუნქციებიდან გამომდინარე ხშირად მოიხსენიებენ როგორც პროჰორმონს. ის აუცილებელია ჯანსაღი ძვლოვანი სისტემისთვის, ვინაიდან მონაწილეობს კალციუმის მარილების ჩალაგების პროცესში. კვლევების თანახმად, D ვიტამინს აქვს ტიპი 2 დიაბეტის საწინააღმდეგო მოქმედება. ის ასევე სასარგებლოა ორგანიზმისთვის სეზონური დეპრესიის შემთხვევაშიც.
  • E ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს ორგანიზმს გულ- სისხლძარღვთა და სიმსივნური დაავადებებისაგან. ეხმარება სხეულს კანისა და ლორწოვანი გარსების დატენიანებაში. აუცილებელია იმ ქალბატონებისთვის, ვინც იმყოფებიან მენოპაუზურ პერიოდში, რათა შენარჩუნებული იყოს კანისა და ლორწოვანი გარსის ტენიანობა და ელასტიურობა.
  • K ვიტამინი - ეს ვიტამინი ცოცხალი ორგანიზმისთვის შეუცვლელი ნუტრიენტია. ის არეგულირებს ჭრილობების დროს სისხლის შედედების პროცესს. ამასთანავე, K ვიტამინის დახმარებით ხდება კალციუმის ტრანსპორტირება ძვლებში და კბილებში, რაც განაპირობებს ჯანსაღი ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებას. ასეთი მოქმედებით კი არტერიების რბილ კედლებს თავიდან აცილებს კალციფიკაციის (გამაგრების) პროცესს.
რაც შეეხება მინერალებს, ისინი არიან მიკროელემენტები, რომლებიც არსებობენ ნიადაგსა და წყალში, საიდანაც შემდეგ ხვდებიან მცენარეებსა და ცხოველებში. ვიტამინებისაგან განსხვავებით, მცენარეები მათ არ ასინთეზებენ.


მინერალები და მათი ძირითადი ფუნქციები:

  • კალციუმი - ის არის ორგანიზმში ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი მინერალი, რადგან მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის შენებაში, ნერვული სისტემასა და კუნთოვან ქსოვილს შორის იმპულსების გადაცემაში, სისხლის შედედების ნორმალურ პროცესში და სხვ. კალციუმის ნაკლებობა იწვევს ისეთ პათოლოგიების, როგორიცაა ოსტეოპოროზი, ოსტეოპენია, ოსტეომალაცია და ა.შ. ბავშვებში ის აუცილებელია ძვლებისა და კბილების ჯანსაღი მდგომარეობისთვის, ვინაიდან ბავშვთა ასაკში ძვლების შენება ყველაზე აქტიურად მიმდინარეობს.
  • მაგნიუმი - დაახლოებით 300-ზე მეტი ფუნქციის შესრულებაში მონაწილეობს მაგნიუმი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია კუნთების შეკუმშვა, ძვალ- სახსროვანი სისტემის გამართული მუშაობა და სტრესთან შეგუება. მისი ნაკლებობის დროს ვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: მაღალი არტერიული წნევა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები; თირკმლისა და ღვიძლის დაავადებები; შაკიკი; გლაუკომა; ვიტამინების K, B1, კალციუმის და კალიუმის შეწოვის დარღვევა; ,,მოუსვენარი’’ ფეხის სინდრომი; პრემენსტრუალური სიმპტომების გაუარესება; ქცევითი აშლილობები და ხასიათის ცვალებადობა; უძილობა და ძილთან დაკავშირებული პრობლემები; ოსტეოპოროზი; განმეორებით ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები; იმუნური სისტემის დაქვეითება; კარიესი; იმპოტენცია და სხვ.
  • რკინა - ის არის მიკრო მინერალების ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც სხეულის ყველა უჯრედში გვხვდება. რკინა მონაწილეობს სისხლის წითელი უჯრედების ფორმირებასა და ჟანგბადის ტრანსპორტირებაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისათვის. მისი ნაკლებობა ყველაზე ხშირად იწვევს რკინა-დეფიციტური ანემიის ჩამოყალიბებას. გარდა ამისა, რკინის დაბალი დონე შეიძლება გახდეს ზოგადი დაღლილობის, სისუსტის, უენერგიობის, გულმავიწყობისა და გაფანტულობის მიზეზი. მისი დეფიციტი იწვევს კანის სიფერმკრთალეს, სუნთქვის უკმარისობას, გადაციებულ კიდურებს, თმის ცვენას, ფრჩხილების მტვრევადობას, მეხსიერების პრობლემებსა და თავბრუსხვევას. რკინის ნაკლებობა ბავშვებში ყველაზე მეტად ვლინდება ხოლმე სურვილით, ჭამონ ისეთი რაღაცეები, რაც არაა საკვები. მაგალითად, თიხა, ცარცი, ყინული და სხვ.
  • თუთია - ადამიანის ორგანიზმი მას მცირე რაოდენობით იყენებს. მნიშვნელოვანი მინერალია რეპროდუქციული ფუნქციის სწორად შესასრულებლად. აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება და იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. აუცილებელია იმუნური სისტემის გამართული მუშაობისთვის. თუთიის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მადის დაკარგვა, ყნოსვის და გემოვნების რეცეპტორების დათრგუნვა, წონის მომატება ან კლება, თმის ცვენა, მომნელებელი სისტემის პრობლემები, ქრონიკული დაღლილობა და უენერგიობა, უნაყოფობა, ჰორმონალური პრობლემები, იმუნიტეტის დაქვეითება, მეხსიერების პრობლემები, შემეცნებითი ფუნქციების და სწავლის პრობლემები, ჭრილობების შეხორცების პრობლემა და ნერვული სისტემის პათოლოგიები. კვლევების შედეგად აღმოჩნდა რომ ფრიადოსან მოსწავლეებს თუთიის შესაბამისი რაოდენობა აქვთ სხეულში.
  • სელენი - თუთიის მსგავსად, სელენიც გამოირჩევა ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედებით, აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და ებრძვის ოქსიდაციურ სტრესს. სელენი ამცირებს ისეთი აუტოიმუნური დაავადებების რისკს, როგორიცაა ჩიყვი და ფარისებრი ჯირკვლის სხვა პრობლემები. სელენი გამოირჩევა ვირუსების საწინააღმდეგო ძლიერი მოქმედებით. მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა, კანისა და ფრჩხილების გაფერმკრთალება ან გაუხეშება, მუდმივი დაღლილობის განცდა, გონების გაფანტვა, უნაყოფობა, იმუნიტეტის დაქვეითება და სხვ.
  • ქრომი - ეს მიკრო მინერალი მონაწილეობს ისეთ მნიშვნელოვან პროცესში, როგორიცაა სისხლში შაქრის დონის დარეგულირება. ასეთი მოქმედებით იცავს ორგანიზმს დიაბეტის რისკისგან და ამცირებს ტკბილეულზე მოთხოვნას. მისი ნაკლებობა იწვევს მადის დაკარგვას ან პირიქით მომატებას, წონის ცვლილებას, შენელებულ ზრდა-განვითარებას, ჭრილობების შეხორცების გართულებას, უენერგიობას, დაღლილობას, გაუარესებულ მხედველობას, ხასიათის ცვალებადობას, კანის პრობლემებს, მეხსიერების გაუარესებას, კონცენტრაციის პრობლემებსა და სხვ.
  • მანგანუმი - ეს ძვლებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი მინერალია. მისი ნაკლებობის დროს ყალიბდება ოსტეოპოროზი (ძვლების განლევას), ანემია, ქრონიკული დაღლილობა, ქვეითდება იმუნური სისტემა, ვითარდება ჰორმონალური დარღვევები, ირღვევა მონელების პროცესი, უარესდება პრემენსტრუალური სიმპტომები და ა.შ.
  • სპილენძი - ის უზრუნველყოფს კანისა და თმის ნორმალურ პიგმენტაციას. ამ მინერალის ნაკლებობა ხშირად ხდება ოსტეოპოროზის, ძვლების სისუსტის, მტვრევადის ფრჩხილების, დაღლილობის მიზეზი. სპილენძის დეფიციტი იწვევს ქრონიკულ დაღლილობას, უენერგიობას, ოსტეოპოროზსს, ფერმკრთალობას, სხეულის დაბალ ტემპერატურას ან მუდმივად სიცივის შეგრძნებას, ანემიას, მტვრევად ფრჩხილებს, სახსრებისა და კუნთების ტკივილს, შენელებულ ზრდა- განვითარებას, მოულოდნელ წონის კლებას, თმის ცვენას, კანის ანთებით პროცესებსა და ტკივილს.
  • იოდი - ეს მინერალი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის უზრუნველყოფს მის ნორმალურ მუშაობას და თიროიდული ჰორმონების სწორად გამომუშავებას. მისი დეფიტის დროს აღინიშნება უენერგიობა, ქრონიკული დაღლილობა, სხეულის დაბალი ტემპერატურა ან მუდმივად სიცივის განცდა, ცუდი კონცენტრაცია, დეპრესია, კუნთების ტკივილი, თმის ცვენა, საჭმლის მონელების პრობლემა და შეკრულობა, უეცარი წონის კლება, სუსტი გულისცემა, გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი და სხვ.
  • კალიუმი - კალიუმი ძალიან მნიშვნელოვანი მინერალია ყველა უჯრედის, ქსოვილის და ორგანოს სწორი ფუნქციონირებისათვის ორგანიზმში. ის ამავდროულად არის ელექტროლიტი, ნატრიუმის, ქლორიდის, კალციუმისა და მაგნიუმის მსგავსად. კალიუმი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გულის ფუნქციისათვის და გადამწყვეტ როლს თამაშობს ხერხემლისა და გლუვი კუნთების შეკუმშვის პროცესში, რომელიც აუცილებელია მონელებისა და კუნთოვანი სისტემისათვის. კალიუმის დეფიციტის დროს აღინიშნება დაღლილობის განცდა, საერთო სისუსტე, კუნთების სპაზმი, კიდურების უმოძრაობა და დაბუჟება, გულისრევა, შეკრულობა, მუცლის ტკივილი, შებერილობა და სხვ.



Sunday, June 4, 2017

ხორცის და ხორცის პროდუქტების დამაბინძურებელები - კოლიფორმული ბაქტერიები

რადგან ბოლო პერიოდში მიკრობიოლოგიამ ძალიან გამიტაცა, დღევანდელ პოსტს ამ უმცირეს ორგანიზმებს ვუძღვნი. ესენი არიან არსებები, რომლებსაც ვერ ვხედავთ მაგრამ ყოველთვის და ყველგან ვგრძნობთ მათ არსებობას, იქნება ეს სხვადასხვა საკვები, სასმელი თუ მოვლენა. იმედია, ისიამოვნებთ. 
კოლიბაქტერიების ანუ ნაწლავის ჩხირის ჯგუფი (იგივე კოლიფორმები) აერთიანებს მიკროორგანიზმების 100-მდე სახეობას, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის, ცხოველებისა და ფრინველების ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენელ ნაწილს. მათ პირობითად პათოგენური მიკროორგანიზმები ეწოდებათ, ვინაიდან მოწამვლა ვითარდება მხოლოდ გარკვეულ პირობებში. კერძოდ, როდესაც ნაწლავის ჩხირი ადამიანის ორგანიზმში ხვდება საკვებთან ან წყალთან ერთად. კოლიფორმების ჯგუფს მიეკუთვნება ციტრობაქტერია, კლებსიელა, ენტერობაქტერია და . კოლი (ზოგჯერ ამ ჯგუფს სერაციას(Serratia) და ჰაფნიასაც(Hafnia) მიაკუთვნებენ). საკვებისმიერი ინტოქსიკაციები ძირითადად ყველაზე ხშირად . კოლთან ასოცირდება კოლიფორმული ბაქტერიების ჯგუფიდან.
კოლიფორმები ითვლებოდნენ ძირითად ინდიკატორ მიკროორგანიზმებად საკვების ფეკალური მასებით დაბინძურებისთვის. კოლიფორმების უმეტესი სახეობა გვხვდება თბილსისხლიანი ცხოველების ნაწლავებში, მათი მცირე ნაწილი კი არსებობს სხვადასხვა სახის გარემოში - მიწა, წყალი, მცენარეები და ..
რძის პროდუქტების, სასმელი წყლის, კომპოსტირებული სასუქის და ჩამდინარე წყლების უსაფრთხოებისა და ხარისხის მართვისთვის, მიკრობიოლოგებმა აღმოაჩინეს დადებითი კავშირი ზოგიერთ ბაქტერიასა და ფეკალურ დაბინძურებას შორის. ამიტომ ასეთ ბაქტერიებს ფეკალური კოლიფორმები (fecal coliform)  უწოდეს. ცოტა მოგვიანებით მათ თერმოტოლერანტი კოლიფორმები (thermotolerant coliforms) უწოდეს, რომელიც უფრო შესაფერისი აღმოჩნდა. ბაქტერიების სხვადასხვა სახეობების ასეთი გზით დაჯგუფება სასარგებლო აღმოჩნდა ჩამდინარე წყლების, კანალიზაციის და სპეციფიური საკვების ხარისხის და უსაფრთხოების სამართავად. კოლიფორმების რაოდენობა სამწუხაროდ არ განსაზღვრავს დაბინძურება უშუალოდ ფეკალური მასებით მოხდა თუ არა. . კოლი ასოცირდება თბილსისხლიანი და ხერხემლიანი ცხოველების ფეკალური მასებით კონტამინაციასთან. . კოლის არსებობა წყალში და სხვადასხვა ნედლ პროდუქტში ზუსტი ინდიკატორია ფეკალური მასებით დაბინძურების.
კოლიფორმული ბაქტერიები ხასიათდებიან მაღალი გამძლეობით არახელსაყრელი პირობების მიმართ (ყინვა, მჟავე არე), შეუძლიათ დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნონ სიცოცხლისუნარიანობა წყალში, ნიადაგსა და სხვადასხვა ნივთებზე. ნაწლავის ჩხირის ბაქტერიები მრავლდებიან, როგორ აერობულ, ასევე ანაერობულ პირობებში, განსაკუთრებით ინტენსიურად ვითარდებიან 37გრადუს C-ზე, მაგრამ მშვენივრად გრძნობენ თავს ოთახის ტემპერატურაზეც. თუმცა ამ ბაქტერიების განადგურება საკმაოდ იოლია - საკმარისია წყლის  15 წუთით 60 გრადუს C-ზე გაცხელება.
კოლიფორმული ბაქტერიები არიან მრგვალი ფორმის, გრამ-უარყოფითი, არა სპორა წარმომქმნელი, მოძრავი ან არა მოძრავი ბაქტერიები, რომლებსაც შეუძლიათ ლაქტოზის ფერმენტაცია მჟავის და აირის წარმოქმნით 35-37 გრადუს ცელსიუსზე ინკუბირების შემთხვევაში. ჩვეულებრივ, ასეთი ტიპის ბაქტერიები ხდებიან  სანიტარული ხარისხის ინდიკატორი საკვებსა და წყალში. დიდი რაოდენობით არსებობენ თბილსისხლიანი ცხოველების ფეკალურ მასებში. მიუხედავად იმისა რომ კოლიფორმული ბაქტერიების შტამების უმრავლესობა არ იწვევ სერიოზულ დაავადებებს, მათი გამრავლება მარტივად მიმდინარეობს და მათი არსებობა განაპირობებს სხვა ფეკალური წარმომავლობის პათოგენების წარმოქმნას. ასეთ პათოგენებს მიეკუთვნებიან ბაქტერიები, ვირუსები, პროტოზოები და პარაზიტები. კოლიფორმები არსებობენ როგორც აერობულ, ისე ანაერობულ გარემოში. კოლიფორმული ბაქტერიების სხვა ბაქტერიებისგან გამოყოფის მარტივი საშუალებაა ეოზინის მეთილიანი ლურჯი აგარის საკვები არე. ასეთი აგარიანი ფინჯანი ნაწილობრივ ინჰიბიტორია გრამ-დადებითი ბაქტერიებისთვის და გრამ-უარყოფით ბაქტერიებში იწვევს ფერის შეცვლას ლაქტოზის ფერმენტაციის გამო. ლაქტოზის ძლიერი მაფერმენტირებელი ბაქტერიები იღებებიან მუქ ლურჯ, იისფერ და შავ ფერებში, .კოლი, რომელიც ასევე არის ლაქტოზის მაფერმენტირებელი, იღებება მუქ ფრად და დამატებით იკეთებს მეტალისფერ მომწვანო პრიალა აპკს. სხვა კოლიფორმული ბაქტერიები ქმნიან სქელ, პრიალა კოლონიებს. ბაქტერიებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ლაქტოზის ფერმენტირება, უფერულ კოლონიებს ქმნიან, ხოლო სუსტი მაფერმენტირებლები - ღია ვარდისფერ კოლონიებს.
კოლიბაქტერიების ერთ-ერთი წარმომადგენელი, Escherichia coli (ნაწლავის ჩხირი) ადამიანის ნაწლავებში ჩნდება დაბადებიდან პირველსავე დღეებში და ნარჩუნდება მთელი ცხოვრების განმავლობაში. მართალია, მათი რაოდენობა ნაწლავის საერთო მიკროფლორაში არ აღემატება 1%, მაგრამ ისინი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაში. ნაწლავის ჩხირი შთანთქავს ნაწლავებში არსებულ ჟანგბადს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ბიფიდო  და ლაქტობექტერიებზე, გამოიმუშავებს B ჯგუფისა და K ვიტამინებს, მონაწილეობას ღებულობს  ქოლესტერინის, ბილირუბინის, ქოლინის, ნაღვლისა და ცხიმოვანი მჟავების ცვლაზე, გავლენას ახდენს რკინისა და კალციუმის შეწოვაზე.
ეშერიხია კოლი დანარჩენი კოლიფორმული ბაქტერიებისგან ადვილად შეიძლება განვასხვავოთ 44 გრადუს ცელსიუსზე ლაქტოზის ფერმენტაციის უნარით. ეოზინის მეთილის ლურჯ აგარზე კულტივაციის შემდეგ . კოლის არსებობის შემთხვევაში ვიღებთ მეტალისფერ მომწვანო კოლონიებს იასამნისფერ აგარზე.
. კოლის ინკუბაციის პერიოდი 12-72 საათი გრძელდება 30-37 გრადუსი ცელსიუსის პირობებში. განსხვავებით სხვა კოლიფორმული ბაქტერიებისგან . კოლი ფეკალური წარმოშობისა და მისი არსებობა პირდაპირ მიუთითებს ფეკალური მასებით კონტამინაციაზე. . კოლის ძირითადი შტამები უსაფრთხოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცაღა ზოგიერთ მათგანს შეუძლია მძიმე პათოლოგიების გამოწვევა. ინფექციის პირველი სიმპტომებია სისხლიანი დიარეა, პირღებინება, მუცლის ტკივილი და ციებ-ცხელება. გარდა ამისა, მას შეუძლია გამოიწვიოს პნევმონია, სხვადასხვა რესპირატორული დაავადებები, თირკმლის დაავადებები  და საშარდე გზების ინფექციები.
რაც შეეხება ხორცში და ხორცის პროდუქტებში  . კოლის არსებობას, პირვეელად ის ჰამბურგერებში აღმოაჩინეს 1980 წელს (ამერიკის შეერთებულ შტატებში). იმ დროისთვის ,,ჰამბურგერის დაავადება’’ დაემატა საკვებით გამოწვეულ დაავადებათა სიას. რადგან ჰამბურგერებს სათანადო ტემპერატურაზე არ ამუშავებდნენ, მასში ნარჩუნდებოდა . კოლის შტამები. ყველაზე აგრესიულ ფორმებში სიმპტომები იწყებოდა სისხლიანი დიარეით, რომელსაც თან სდევდა თირკმელების დროებითი ან სამუდამო გათიშვა და სიკვდილი. 5 წლის ქვემოთ ასაკის ბავშვებში . კოლი იწვევდა რამოდენიმე დაავადებას.
გამომწვევი იყო . კოლის შტამი 0157, რომელიც გამოიმუშავებს ორგანიზმში  მოხვედრისას ვეროტოქსინებს. ეს შტამი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმაა, თუმცა სხვა შტამებსაც შეუძლიათ ტოქსინების გამომუშავება და გამოყოფა.
სასურსათო პროდუქტების დაბინძურება კოლიბაქტერიებით შეიძლება მოხდეს შემდეგი დარღვევებისას:
                    პროდუქტი (ხორცი, რძე, კვერცხი) შეხებაში მოხვდა ფეკალურ მასებთან;
                    ფეკალური მასებიდან (მაგალითად, საპირფარეშოდან) დაბინძურდა მიწისქვეშა წყლები (ჭა, წყარო), რომელიც გამოიყენეს სურსათის მოსამზადებლად ან ჭურჭლის ან ტარის გასარეცხად;
                    სურსათის მომზადებაში ან დაფასოებაში მონაწილე პერსონალი არ იცავს პირად ჰიგიენას და სურსათი ბინძურდება მათი ხელებიდან;
                    შენახვისას ან გადაზიდვისას სასურსათო პროდუქტი ეხება სხვა, დაბინძურებულ სურსათს;
                    დაბინძურება მოხდა მწერების ან მღრღნელების საშუალებით.

მსხვილი რქოსანი ცხოველი ითვლება ამ ბაქტერიებისთვის ყველაზე კარგ გასამრავლებელ გარემოდ. სწორედ ამიტომ ძროხა და განსაკუთრებით კი უმი ჰამბურგერი, ,,კარგი’’ საშუალებაა . კოლით კონტამინაციისათვის. . კოლისგან თავდაცვის ყველაზე კარგი საშუალებაა მაღალი სტანდარტის ჰიგიენური ნორმების დაცვა და შესაბამის ტემპერატურაზე დამუშავებული ხორცი. სწორედ ამიტომ ექიმები გვირჩევენ არ მივირთვათ ვარდისფერი ან სისხლიანი ხორცი, ხოლო  ხორცის შეძენისას ყურადღება მივაქციოთ შეფუთვას - ხომ არაა დარღვეული მისი მთლიანობა (ჰერმეტული ტარა),  გამოშვების თარიღს, სუნსა (თუკი არაა შეფუთული) და ფერს.
საკვებ პროდუქტში მოხვედრისას, თუ ტემპერატურული პირობებიც ხელშემწყობია, კოლიბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდება. კოლიბაქტერიების ინტენსიური გამრავლებისას ადგილი აქვს პროდუქტის სუნისა და გემოს მკვეთრ გაუარესებას. გარდა ამისა, პროდუქტში გროვდება ბაქტერიის მიერ გამომუშავებული ტოქსინი, რომელიც მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების შემდეგაც კი შეიძლება მომწამვლელი იყოს ადამიანისთვის. კოლიბაქტერიებით ან მათ მიერ გამომუშავებული ტოქსინებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მოხმარებამ შეიძლება სხვადასხვა დაავადებები გამოიწვიოს _ ნაწლავური ინფექციები, შარდსადენი გზებისა და სასქესო ორგანოების დაზიანება, ბაქტერიემია, მენინგიტი და სხვა. შესაბამისად ნაწლავის ჩხირით გამოწვეული მოწამვლა შესაძლებელია ხასიათდებოდეს სხვადასხვა სიმპტომებით - გულისრევით, მუცლის ტკივილით, მაღალი ტემპერატურით, სისუსტით ან უმადობით. მძიმე შემთხვევების დროს შესაძლებელია განვითარდეს სეფსისიც.
სახლის პირობებში კოლიბაქტერიების მოშორება პროდუქტიდან შესაძლებელია მისი ინტენსიური და საგულდაგულო გარეცხვით (თუ კოლიბაქტერიები პროდუქტის ზედაპირზეა) ან თერმული დამუშავებით (მოხარშვით, შეწვით). თუმცა, თერმული დამუშავებით პროდუქტს არ შორდება კოლიბაქტერიების მიერ გამომუშავებული ტოქსინები. ამიტომ, თუკი არსებობს ეჭვი,  რომ კოლიბაქტერიებით პროდუქტი არა მხოლოდ დაბინძურდა, არამედ ისინი მასში გამრავლდნენ კიდეც (მაგალითად, თუკი დაბინძურებული პროდუქტი დიდხანს იდო სითბოში)  -  უმჯობესია თუ მოერიდებით ასეთი პროდუქტის მოხმარებას.
საგულისხმოა, რომ კოლიბაქტერიის არსებობა სასურსათო პროდუქტებში პროდუქტის ფეკალური დაბინძურების  ინდიკატორად არის მიჩნეული - მათი აღმოჩენა იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტში სხვა ფეკალური მიკრობები, ვირუსები და პარაზიტები შეიძლება იყოს.