Thursday, November 28, 2019

ცელიაკიას დამახასიათებელი ყველაზე ხშირი სიმპტომები

ცელიაკია მიეკუთვნება აუტოიმუნურ დაავადებებს. ის თითქმის ყველა ადამიანში განსხვავებულად მიმდინარეობს და დიაგნოზის დასმაც ამიტომ რთულდება. ცელიაკი ზოგჯერ ვითარდება ბავშვთა ასაკში, ზოგჯერ კი ზრდასრულებში, რისი მიზეზიც დღეს დაუდგენელია. მისი 200-მდე დამახასიათებელი სიმპტომი არსებობს და მათი უმრავლესობა მომნელებელ სისტემაზე ახდენს გავლენას.

ზოგჯერ, ცელიაკია მიმდინარეობს უსიმპტომოდ, ან სიმპტომები იმდენად მცირედ აღინიშნება, ადამიანები მას არაფერთან აკავშირებენ. ამის მიუხედავად, ცელიაკიაზე ჩატარებული სისხლის ანალიზი დადებითია ხოლმე. გარდა ამისა არსებობს შემთხვევები, როდესაც სისხლის ანალიზი ცელიაკიაზე უარყოფითია, თუმცა წვრილი ნაწლავების ბიოფსია ამ დიაგნოზს ადასტურებს. ცელიაკიის მქონე ნებისმიერი ადამიანი უგლუტენო დიეტის გარეშე სხვადასხვა მძიმე პათოლოგიის განვითარების რისკის ქვეშაა.

როგორ მივხვდეთ გვაქვს თუ არა ცელიაკია?

ზრდასრულების მხოლოდ ერთ მესამედშია გამოხატული ცელიაკიით გამოწვეული დიეარეა და მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები. უფრო ხშირად აღინიშნება შემდეგი პათოლოგიები, რომელიც არ ან ძნელად ექვემდებარება მკურნალობას:

  • რკინა დეფიციტური ანემია;
  • დაღლილობის შეგრძნება;
  • ძვლებისა და სახსრების ტკივილი;
  • ართრიტი;
  • ოსტეოპოროზი ან ოსტეოპენია;
  • ღვიძლისა და სანაღვლე სადინრების პათოლოგიები;
  • დეპრესია და შფოთვა
  • პერიფერიული ნეიროპათია (ჩხვლეტისა და დაბუჟების შეგრძნება ხელებსა და ფეხებში;
  • შაკიკი და კრუნჩხვები;
  • მენსტრუალური ციკლის არ ქონა;
  • უშვილობა ან განმეორებითი შეწყვეტილი ორსულობა;
  • წყლულოვანი ინფექციები პირის ღრუში;
  • დერმატიტები;

თუ ეს სიმპტომები ხშირად და მოულოდნელად ვითარდება, სასურველია მიმართოთ ექიმს, რაათა თავიდან აიცილოთ შემდგომი გართულებები.