Saturday, February 29, 2020

დედა, ლიზა და კორონა ვირუსი

წინა პოსტის წაკითხვის შემდეგ ოჯახში ქოთქოთი დაიწყეს, რა დროს დიეტაა, ხალხი კორონაზე წაიკითხავს ეგ დაწერეო :D არ ვაპირებ დღეს კორონაზე დამატებით ათასი ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებას, ისედაც უამრავ მითითებას ვიღებთ ყოველდღიურად და ალბათ უკეთესი იქნება იმ ადამიანურ მომენტებზე მოგიყვეთ, რაც კორონას საქართველოში შემოსვლას მოყვა.

მაშ ასე, დღე მეოთხე.
დიახ, დღეს მეოთხე დღეა რაც საქართველოში კორონა ვირუსის არსებობა დადასტურად. რაღაცნაირი დღეა, ამინდიც ისეთია, პირქუში.
ზღვის პირას რომ ვცხოვრობდეთ, ვიფიქრებდი შტორმი იქნებათქო.
ვინც არ იცით, გეტყვით რომ ჩემი და თბილისის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობს, ექიმია. სხვებისთვის ექიმი, თორემ ჩემთვის ნამდვილი გმირი. ხოდა ალბათ წარმოგიდგენიათ რამდენად უფრო მეტად ვშფოთავთ კორონაზე ჩვეულებრივი მოსახლეობისგან განსხვავებით.

არ ვიცი ასეთ მომენტში რამდენი რაღაც გაღელვებს ერთად - დაუცველობის შეგრძნება, შიში როგორც საკუთარი თავის, ისე შენთვის ძვირფასი ადამიანების გამო, უსუსურობის განცდა, თითქოს რომ არც არაფერია შენზე დამოკიდებული, მოლოდინი, გაურკვევლობა...

ლიზა კორონას გავრცელების სტატისტიკას 31 დეკემბრის მერე აკვირდება. ლამის ყოველდღე, ძილისწინ ,,ტკბილი ძილის'' ნაცვლად ჩაესმოდა ამ 2 თვის მანძილზე BBC-ისა და CNN-ის ნიუსები. ამის მერე კი WHO-ს ყოველდღიურ რეპორტსაც უზის დამატებითი ,,ტკბილი ძილისთვის''. და მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ზუსტად იცოდა აქაც მოვიდოდა, მაინც დიდი შფოთვით ადევნებს თვალყურს ახალ ამბებს.

სასაცილო იყო რომ გუშინ საღამოს ორივეს მოგვეჩვენა ტემპერატურა გვქონდა. თერმომეტრმა კი მხოლოდ ვალერიანის წვეთები გვირჩია :D

დედა კიდევ უფრო ჩუმ შფოთვაშია. ძალიან უნდა მთელი წლის სურსათი მოიმარაგოს, ყველა სახლში გამოგვკეტოს და დათვურ ცხოვრებას მივეცეთ :D მგონი რომ მისცე საშუალება, უარს ნამდვილად არ იტყოდა.

დღეს ანტიბაქტერიული ხელსაწმენდები მოიმარაგა, ნიღბები კი ისევ ვერ იშოვა.

მოკლედ, ნელ-ნელა იგრძნობა ქვეყანა და შენი ქალაქი როგორ ვარდება პანიკაში ვირუსის გამო.

No comments:

Post a Comment