Sunday, August 2, 2020

სპირულინა და ქლორელა

ეს უცნაური დასახელების მქონე ორივე ,,არსება'' მიკროწყალმცენარეების ჯგუფს მიეკუთვნება. მათ უამრავი რამ აქვთ საერთო და ამავდროულად, საოცრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ორივე მათგანი გვხვდება სუპერფუდების ჩამონათვალში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვეულებრივზე დიდი რაოდენობით შეიცავენ საკვებ ნუტრიენტებს, მიკრო და მაკრო ელემენტებს.

ფორმა

სპირულინა მრავალუჯრედიანი უბირთვო მიკროორგანიზმია, რომელსაც სპირალისებური ფორმა აქვს, სწორედ აქედან მოდის მისი დასახელებაც. ქლორელა კი პირიქით, ერთუჯრედიანი, სფეროსებრი ფორმის ბირთვიანი მიკროორგანიზმია. სპირულინა ზოგჯერ 100-ჯერ უფრო გრძელი შეიძლება იყოს, ვიდრე ქლორელა. სპირულინა მუქი მწვანე ფერისაა, ქლორელა კი, პირიქით - ღია მწვანე.




მოპოვება

მათი კულტივაციაც განსხვავდება - ორივე მათგანს სუფთა ჟანგბადით სავსე წყლებში ვხვდებით, თუმცა სპირულინა სხვა მცენარეებთან ერთად არ იზრდება, რაც აადვილებს მის გადამუშავებას. ქლორელა კი პირიქით, თავისი მიკროსკოპული ზომიდან გამომდინარე საჭიროებს დამხმარე ორგანიზმებს, რაც მის მოპოვებას რამდენადმე ართულებს. რაც შეეხება მათ გადამუშავებას, ქლორელას დამუშავება ბევრად რთულ და ძვირ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული, ვიდრე სპირულინასი.

შემადგენლობა

სპირულინა დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას და ცილას. გარდა ამისა მასში არის რვავე შეუცვლელი ამინომჟავა; კალიუმი, თუთია, კალციუმი; ვიტამინი B1, B2, B3, B6 და B12. სპირულინა მდიდარია ბეტა-კაროტინით (პროვიტამინ A), ხოლო ქლორელა შეიცავს ბევრ ქლოროფილს - მცენარეულ პიგმენტს, რომელიც აჯანსაღებს იმუნურ სისტემას, წმენდს ტოქსინებისგან სხეულს და სხვ. სპირულინაში ასევე არის ომეგა-6, რომელიც ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ცხიმოვანი მჟავაა.



მოქმედება

რაც შეეხება ამ მწვანე წყალმცენარეების სასარგებლო ეფექტებს, ისინი აძლიერებენ იმუნურ სისტემას, ორგანიზმიდან გამოდევნიან მძიმე მეტალებს, აქვთ სოკოვანი ინფექციების  საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებენ ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, აწესრიგებენ სისხლის წნევას, აჩქარებენ მეტაბოლიზმს და ხელს უწყობენ ცხიმების წვას, აქვთ სინუსიტის საწინააღმდეგო მოქმედება, ამცირებენ გულის შეტევის რისკს, აქვთ კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება და ორგანიზმს ავსებენ ენერგიით.

როგორ მივიღოთ სპირულინა და ქლორელა?

გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მათგანი წყალმცენარეა, არც თუ ისე სასიამოვნო გემოთი გამოირჩევა და თუ მათ მიღებას პირველად აპირებთ, გირჩევთ აბების სახით მიიღოთ. რაც შეეხება ფხვნილს, მისი გახსნა შესაძლებელია თითქმის ყველა სახის სითხეში. დღიური ნორმა სხვადასხვა გაიდლაინებით საშუალოდ 1-დან 10 გრამამდე მერყეობს, თუმცა ყველა კარგი ხარისხის დანამატს დოზირება ყოველთვის აქვს მითითებული ეტიკეტზე. სპირულინას და ქლორელას გამოყენება დაშვებულია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ოდნავ განსხვავებული დოზირებით.

No comments:

Post a Comment