Saturday, February 29, 2020

დედა, ლიზა და კორონა ვირუსი

წინა პოსტის წაკითხვის შემდეგ ოჯახში ქოთქოთი დაიწყეს, რა დროს დიეტაა, ხალხი კორონაზე წაიკითხავს ეგ დაწერეო :D არ ვაპირებ დღეს კორონაზე დამატებით ათასი ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებას, ისედაც უამრავ მითითებას ვიღებთ ყოველდღიურად და ალბათ უკეთესი იქნება იმ ადამიანურ მომენტებზე მოგიყვეთ, რაც კორონას საქართველოში შემოსვლას მოყვა.

მაშ ასე, დღე მეოთხე.
დიახ, დღეს მეოთხე დღეა რაც საქართველოში კორონა ვირუსის არსებობა დადასტურად. რაღაცნაირი დღეა, ამინდიც ისეთია, პირქუში.
ზღვის პირას რომ ვცხოვრობდეთ, ვიფიქრებდი შტორმი იქნებათქო.
ვინც არ იცით, გეტყვით რომ ჩემი და თბილისის გადაუდებელი სასწრაფო დახმარების სამსახურში მუშაობს, ექიმია. სხვებისთვის ექიმი, თორემ ჩემთვის ნამდვილი გმირი. ხოდა ალბათ წარმოგიდგენიათ რამდენად უფრო მეტად ვშფოთავთ კორონაზე ჩვეულებრივი მოსახლეობისგან განსხვავებით.

არ ვიცი ასეთ მომენტში რამდენი რაღაც გაღელვებს ერთად - დაუცველობის შეგრძნება, შიში როგორც საკუთარი თავის, ისე შენთვის ძვირფასი ადამიანების გამო, უსუსურობის განცდა, თითქოს რომ არც არაფერია შენზე დამოკიდებული, მოლოდინი, გაურკვევლობა...

ლიზა კორონას გავრცელების სტატისტიკას 31 დეკემბრის მერე აკვირდება. ლამის ყოველდღე, ძილისწინ ,,ტკბილი ძილის'' ნაცვლად ჩაესმოდა ამ 2 თვის მანძილზე BBC-ისა და CNN-ის ნიუსები. ამის მერე კი WHO-ს ყოველდღიურ რეპორტსაც უზის დამატებითი ,,ტკბილი ძილისთვის''. და მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ზუსტად იცოდა აქაც მოვიდოდა, მაინც დიდი შფოთვით ადევნებს თვალყურს ახალ ამბებს.

სასაცილო იყო რომ გუშინ საღამოს ორივეს მოგვეჩვენა ტემპერატურა გვქონდა. თერმომეტრმა კი მხოლოდ ვალერიანის წვეთები გვირჩია :D

დედა კიდევ უფრო ჩუმ შფოთვაშია. ძალიან უნდა მთელი წლის სურსათი მოიმარაგოს, ყველა სახლში გამოგვკეტოს და დათვურ ცხოვრებას მივეცეთ :D მგონი რომ მისცე საშუალება, უარს ნამდვილად არ იტყოდა.

დღეს ანტიბაქტერიული ხელსაწმენდები მოიმარაგა, ნიღბები კი ისევ ვერ იშოვა.

მოკლედ, ნელ-ნელა იგრძნობა ქვეყანა და შენი ქალაქი როგორ ვარდება პანიკაში ვირუსის გამო.

როგორ დავიცვათ ჯანსაღი დეიტა?

დიეტის დროს აუცილებელია დაბალანსებული კვების რაციონი და ფიზიკური აქტივობა. დაბალანსებულ კვებაში იგულისხმება სწორი რაოდენობით შერჩეული ცილები, ჯანსაღი ცხიმები (მაგალითად ომეგა-3, ომეგა-6, ქოქოსის ზეთი), ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - სითხე (შაქრის გარეშე). იმისთვის რომ ორგანიზმმა კარგად იფუნქციონიროს, აუცილებელია დღიურად მინიმუმ 1,5 ლ სითხის მიღება (ცხელ პერიოდში უფრო მეტის).


ორგანიზმის დაახლოებით ერთ მეხუთედს შეადგენს ცილა. ის გამოიყენება ნორმალური ზრდისთვის, რეგენერაციისა და ქსოვილების განვითარებისთვის (განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კუნთოვანი ქსოვილებისათვის). აუცილებლად გასათვალისწინებელია ცილის წყაროც: ჯანსაღი ხორცი - თევზი, ქათამი, ძროხა; პარკოსანი მარცვლეული კულტურები - სოია, მუხუდო, ოსპი, ბარდა და ა.შ; კვერცხი; რძე და რძის პროდუქტები.

ნახშირწყლები ენერგიის ძირითადი წყაროა მთელს ორგანიზმში. ისინი აუცილებელია კუნთებისათვის და შესაბამისად, ფიზიკური აქტივობისათვის. არსებობს მარტივი და რთული ნახშირწყლები. მარტივი ნახშირწყლები სწრაფად იშლება ორგანიზმში და მისი სახეობაა ხილის წვენი, თაფლი და სხვა. ისინი კარგად გამოიყენება ვარჯიშის დროს: აუმჯობესებენ კუნთოვან ქსოვილში ცილების მიტანას და სწრაფად ანიჭებენ ორგანიზმს ენერგიას. ხოლო რთული ნახშირწყლები უფრო ნელა იშლება და მისგან მიღებულ ენერგიას ორგანიზმი ხანგრძლივი დროის მანძილზე მოიხმარს. მისი წყაროა სპელტი, შვრია, ჭვავი, ქერი და სხვა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხიმების მიწოდება ორგანიზმისთვის. ისინი აუცილებელია ცხიმში ხნადი ვიტამინებისა და ჰორმონების ტრანსპორტირებისათვის. ომეგა მჟავები, ზეითუნისა და ქოქოსის ზეთი აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას.


ორგანიზმში ასაკის მატებასთან ერთად მეტაბოლური პროცესი კლებულობს. ამიტომ ხშირად 40 წლის ასაკში უფრო რთულია წონაში დაკლება, ვიდრე მანამდე. მსგავს შემთხვევაში სასურველია ისეთი დანამატების მიღება, რომლებიც ბუნებრივად აძლიერებენ მატაბოლურ პროცესს - მწვანე ჩაი, მწვანე ყავა, მატჩა, ასაი, ჟოლოს კეტონები, კამბოჯური გარცინია და ა.შ.

დიეტის დროს აუცილებელია სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ორგანიზმისთვის მინერალების, ვიტამინების და სითხის შესაბამისი რაოდენობით მიწოდება; ჯანსაღ შედეგისთვის სასურველია კვირის მანძილზე დაახლოებით 1 კგ-ს დაკლება. ასეთ შემთხვევაში მიღწეული შედეგის შენარჩუნება ბევრად იოლია, ვიდრე სწრაფი კლების დროს.
x

Wednesday, February 26, 2020

კუნელის სამკურნალო თვისებები

       კუნელი ლათინური სიტყვიდან Crataegus-დან მოდის, რაც ნიშნავს მაგარს, მყარს, ძლიერს. ის ვარდისებრთა ოჯახის ეკლოვანი ბუჩქია და აერთიანებს 260-მდე სახეობას. აქედან დაახლოებით 60 ჯიში არის ევროპისთვის და აზიისთვის ენდემური, ხოლო დანარჩენი მათგანი ძირითადად გვხვდება ჩრდილოეთ ამერიკაში.  მისი ყვავილები, ფოთლები და ნაყოფი საუკუნეების მანძილზე ფართოდ გამოიყენებოდა როგორც კულინარიაში, ასევე მედიცინაში. ზოგჯერ იყენებდნენ მის მერქანსაც.
        კუნელის სხვადასხვა ჯიში ადვილად განიცდის შეჯვარებას და ეს ხელს უწყობს მუდმივად ახალი ფენოტიპის წარმოქმნას. სწორედ ამიტომ ძნელად თუ მოიძებნება მცენარე, რომელიც უფრო მეტად აბნევს ბოტანიკოსებს, ვიდრე კუნელი.
        მცენარეულ მედიცინაში ყველაზე ფართოდ ჩვეულებრივი კუნელი (Crataegus monogyna) და ინგლისური კუნელი (Crataegus laevigata) გამოიყენება. ორივე მათგანს აქვს ერთნაირი სამკურნალო მოქმედების მექანიზმი და მიღების წესი.


        კუნელს ფარმაკოლოგიური მიზნით აგროვებენ ინგლისში და ისეთ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიცაა ალბანეთი, პოლონეთი, უნგრეთი, ბულგარეთი და რუმინეთი. მოგროვილ  ყვავილებსა და ფოთლებს აშრობენ დაახლოებით 35°C-ზე. ხოლო რაც შეეხება ნაყოფს, მას უფრო მეტი დრო და ტემპერატურა სჭირდება გამოსაშრობად. მცენარის მშრალი ნედლეული ინახება სინათლისგან და ნესტისგან დაცულ ჰერმეტულ ტარაში. ასეთი გზით შენახული მცენარის ნაწილები სასარგებლო თვისებებს დაახლოებით 3 წლის მანძილზე ინარჩუნებს.
        ბოლო დრომდე მიჩნეული იყო რომ სამკურნალო თვისებებით მხოლოდ კუნელის ნაყოფი გამოირჩეოდა. უკანასკნელმა კვლევებმა კი დაადასტურა, რომ მისი ყვავილიც და ფოთლებიც მეტ აქტიურ ნივთიერებებს შეიცავს, ამიტომ კუნელის პრეპარატები მზადდება მისი შემადგენელი ნაწილების სხვადასხვა კომბინაციით. სტანდარტის მიხედვით კი პრეპარატი უნდა შეიცავდეს 2,2% ფლავანოიდებს ან 18,75% ოლიგომერულ პროანტოციანიდინებს.
        გარდა ფლავანოიდებისა და ფენოლებისა (ქლოროგენური და კოფეინის მჟავა), კუნელის შემადგენლობაში შედის საპონინები, ურსოლის მჟავა, ამინები (დოფამინი, აცეტილქოლინი და თირამინი) და ოლეანოლის მჟავა. კურკაში გვხვდება ანტოციანინი, მსგავსად სხვა კენკროვანი ხილისა, რომელიც ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებებით ხასიათდება. თვითონ ნაყოფში კი დიდი რაოდენობით ესენციური ზეთები, პექტინი და C ვიტამინია.
        კუნელის გამოყენება სამედიცინო თვალსაზრისით, მსგავსად სხვა მრავალი სამკურნალო მცენარისა, დამოკიდებულია მასში არსებული ქიმიური ნივთიერებების კომბინაციაზე. აუცილებლად აღსანიშნავია ისიც, რომ კუნელი არ შეიცავს აქტიურ საგულე გლიკოზიდებს, რომლითაც მდიდარია სხვადასხვა სინთეზური გზით მიღებული საგულე პრეპარატები.


        მცენარეულ მედიცინაში კუნელი უმთავრესად გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებების სამკურნალოდ. თუმცა გარდა ამისა, მას გააჩნია ადამიანის ორგანიზმზე დადებითი მოქმედების ძალიან ფართო სპექტრი. ექიმებმა დიდი ხანია აღმოაჩინეს დადებითი კავშირი კუნელის მოხმარებასა და გულის ჯანსაღ ფუნქციონირებას შორის კარდიოლოგიური პათოლოგიების მქონე პაციენტებში. კუნელი მიჩნეულია კარგ საპრევენციო საშუალებად ადრეულ ეტაპზე აღმოჩენილი კარდიოვასკულარული დავადებების დროს.
        მექანიზმი, რის გამოც კუნელი ფართოდ გამოიყენება  საგულე პრეპარატებში - უზრუნველყოფს სისხლის კარგ მიწოდებას გულის გარშემო არსებულ სისხლძარღვებში, რაც შემდგომში განაპირობებს გულის კუნთების ძლიერ მეტაბოლიზმს. ეს ნიშნავს გულის კუნთების გამართულ მუშაობას და ჟანგბადის ნაკლებობის მიმართ მეტ გამძლეობას.
        კუნელის ექსტრაქტი ძირითადად გამოიყენება გულის უკმარისობის ადრეულ ეტაპებზე, რომელიც გამოწვეული სასუნთქი გზების დაავადებებით, პერიფერიული სისხლძარღვების პათოლოგიებით და შეშუპებისკენ (ქსოვილებში და ღრუ ორგანოებში სითხის ჭარბი რაოდენობით დაგროვება) მიდრეკილებით.
        ზოგიერთი ისეთი დაავადების დროს, როგორიცაა ხანგრძლივი დროის მანძილზე ჰიპერტენზია, ინფარქტი, გულის სარქველებთან ან კუნთებთან დაკავშირებული პათოლოგიები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, ასთმა, ემფიზემა - მცირდება გულის უნარი მიაწოდოს ორგანიზმს საკმარისი რაოდენობის სისხლი. ეს თავის მხრივ შემდგომში უკვე განაპირობებს ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების ნაკლები რაოდენობით მიწოდებას ორგანიზმისთვის. საერთო სისუსტე, დაღლილობა და სუნთქვის პრობლემები გულის უკმარისობაზე მიუთითებს.
        გულის დაავადებების ადრეულ სტადიაზე მყოფ პაციენტებს ექიმები ურჩევენ კუნელის და კოენზიმ Q10-ის ერთად მიღებას. ორივე მათგანი დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და შეუძლია რამდენადმე შეამციროს სერიოზული პათოლოგიის ჩამოყალიბება და თავიდან ააცილოს პაციენტს შემდგომში ძლიერი სინთეზური პრეპარატების საჭიროება.


        რამოდენიმეჯერ ჩატარებულმა ორმაგმა ბრმა კვლევამ (კვლევის სახეობა, როდესაც არც ექიმი და არც პაციენტი არ ფლობს ინფორმაციას პლაცებოს ცდიან თუ ნამდვილ პრეპარატს) ცხადყო, რომ კარდიოვასკულარული პათოლოგიების მქონე პაციენტებში ფიზიკური აქტივობის დონე გაზრდილი იყო. გარდა ამისა, ეკგ-მ დაადასტურა გულის კუნთის გაუმჯობესებული მოქმედება. ესეთი შედეგი კი გამოიწვია კუნელის ექსტრაქტის სტანდარტული დოზის მიღებამ რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
        კუნელი ასევე დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლძარღვთა მუშაობაზე - ამცირებს არტერიების წინაღობას სისხლის უკეთესი მიმოქცევისთვის. ეს დაკავშირებულია მის უნართან ინჰიბირება გაუწიოს ანგიოტენზინ 2-ს.
        ზოგჯერ კუნელი გამოიყენება წნევის დონის დასარეგულირებლად, როგორც მაღალი, ისე დაბალი წნევის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ექიმები ხანდაზმულ პაციენტებს არითმიების დროსაც ურჩევენ კუნელის ექსტრაქტის მიღებას. მისი გამოყენება ასევე სასურველია ჰიპერტენზიის დროს, რომელიც გამოწვეულია ათეროსკლეროზით ან თირკმლის უკმარისობით.
        კუნელი დადებითად მოქმედებს სტენოკარდიის შემთხვევაშიც. ასეთ დროს პაციენტები უჩივიან ტკივილს გულ-მკერდის არეში, რისი მიზეზიც გულის კუნთისთვის ნაკლები რაოდენობით მიწოდებული სისხლი და ჟანგბადია. ფიზიკური აქტივობა და სტრესი ხშირად ხდება სტენოკარდიის მაპროვოცირებელი ფაქტორი. 1983 წელს 60 პაციენტს, რომელიც ხშირად უჩიოდა სტენოკარდიულ შეტევებს, 3 კვირის მანძილზე აძლევდნენ 180 მგ კუნელის ექსტრაქტს. კვლევა ამ შემთხვევაშიც ორმაგი ბრმა მეთოდით ჩატარდა. სამი კვირის შემდეგ ეკგ-მ დაადასტურა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება და პაციენტების ფიზიკური აქტივობის დონეც გაზრდილი იყო.
        გამომდინარე იქიდან, რომ კუნელი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, მას აქვს ათეროსკლეროზის საწინააღმდეგო მოქმედება. ის კარგად გამოიყენება ისეთ პაციენტებში, ვისაც აწუხებს მეხსიერების პრობლემა. ექიმები ხშირად ურჩევენ კუნელის და გინკგოს ერთად მიღებას. ორივე მათგანს ახასიათებს თავის ტვინისთვის ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების უკეთ მიწოდება. კუნელი სასარგებლოდ მოქმედებს ნიორთან და არნიკასთან ერთად, ვინაიდან ამ მცენარეებს შეუძლიათ გააუმჯობესონ სისხლის მიმოქცევა. კუნელი სასარგებლოდ მოქმედებს წვრილ კაპილარებზეც, ამიტომ თუკი თქვენ ადვილად და ხშირად გემჩნევათ დაჟეჟილობა, კუნელი დაგეხმარებათ ასეთ დროს.


        კუნელის ყვავილი, ფოთლები და ნაყოფი დამამშვიდებელი ეფექტით ხასიათდება მომნელებელ სისტემაზე. მიჩნეულია, რომ ის აძლიერებს მადას და ხსნის შებერილობას. ხოლო მისი კენკრისგან დამზადებული ნაყენი გამოიყენება დიარეის სამკურნალოდ.
        დიურეტიკული თვისებებიდან გამომდინარე, კუნელი კარგად გამოიყენება შეშუპებების დროს. ექიმები თვლიან, რომ ის ასევე კარგი საშუალებაა თირკმლის კენჭების დასაშლელად.
        სედატიური თვისებების გამო, კუნელის ექსტრაქტს ურჩევენ ექიმები ნერვული აშლილობის, ინსომნიის, შფოთვის და აჩქარებული გულისცემის დროს. მენოპაუზის შემთხვევაში ხსნის ღამის ოფლიანობას და მასთან დაკავშირებულ სხვა სიმპტომებს. კარგად მოქმედებს ბარამბოსთან, კრაზანასთან და შვრიასთან კომბინაციაში.
        რაც შეეხება დოზირებას, კუნელის ექსტრაქტის დღიური დოზა 160-დან 900 მგ-მდეა. მისი მიღება უმჯობესია 2 ან 3 პორციად დღეში. თუმცა აუცილებლად გაითვალისწინეთ მწარმოებლის მიერ მოწოდებული რეკომენდაცია და ინსტრუქცია. მათ კი, ვისაც ურჩევნიათ უფრო ტრადიციული მეთოდით მიიღონ ამ მცენარისგან სარგებელი, შეუძლიათ დღიურად 4-5 გრამი ნაყოფისგან ან 1-2 გრამი გამომშრალი ყვავილებისა და ფოთლებისგან დამზადებული ჩაი მიირთვან. ხოლო თუ წვეთების სახით სურთ გამოყენება, მაშინ დღიურად 20-30 წვეთი კუნელის ნაყენი მცირე რაოდენობის წყალთან ერთად დღეში ერთხელ ან ორჯერ მიიღება. სასურველი შედეგის მისაღწევად ერთიდან ორ თვემდე გვირჩევენ ექიმები კუნელის ექსტრაქტის გამოყენებას.
        კუნელს ჩვეულებრივ, არ ახასიათებს გვერდითი ეფექტები, თუმცა უმჯობესია გამოყენებამდე მიმართოთ ექიმს. სიფრთხილით ინიშნება ვიაგრასთან და კლონიდინთან, ასთმის მკურნალობისას  და სხვა საგულე მცენარეულ პრეპარატებთან ერთად. შეიძლება გაზარდოს სხვა ისეთი მედიკამენტების მოქმედება, როგორებიცაა ბეტა ბლოკატორები და ანტი-ჰიპერტენზიული საშუალებები. ორსულ ქალბატონებს ურჩევენ არ გამოიყენონ კუნელი, რადგან არ არსებობს შესაბამისი ინფორმაცია მსგავს შემთხვევებში მის უსაფრთხო მოხმარებაზე.
        აუცილებელია გახსოვდეთ, რომ გულის დაავადება საკმაოდ სერიოზული მდგომარეობაა და ყოველთვის საჭიროა ექიმის კონსულტაცია.