Thursday, February 16, 2017

ნაწილი მეორე: ორგანიზმი და შაქარი

        რამოდენიმე პოსტის წინ მოგიყევით როგორ მოქმედებს შაქარი ტვინზე, დღევანდელ პოსტში კი მინდა მოგიყვეთ შაქრის მოქმედებაზე, რომელსაც განიცდის ორგანიზმი.
        დავიწყებ იქიდან რომ დღესდღეობით ადამიანის დღიურ რაციონში ყველაზე დიდი რაოდენობით შედის მარცვლეული, იქნება ეს სუფთა სახით ბურღულეული თუ მარცვლეულიდან წარმოებული საკვები. მარცვლეული კი დიდი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, რომელიც გლუკოზის პირველადი წყაროა. მისი დაშლა ნახშირწყლებად მიმდინარეობს ნაწლავებში. მოგეხსენებათ, ადამიანის ორგანიზმისთვის ნახშირწყლები ყველაზე სწრაფი ენერგიის წყაროა. ნახშირწყლების ფერმენტაცია, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ რთულ ნახშირწყლებს - სახამებელს, უჯრედისს, გლიკოგენს და ა.შ., რთული პროცესია და მასთან უამრავი ფერმენტია დაკავშირებული. მისი უჯრედები ნაწლავებიდან კარის ვენაში (portal vein) გადადის, რომლის საშუალებით შემდეგ ხვდება ღვიძლში. უნდა ითქვას, რომ გლუკოზის პირველი ,,გაჩერება'' ღვიძლია. იმ შემთხვევაში, თუ ღვიძლს სჭირდება ენერგია, გლუკოზის თითქმის მთელ რაოდენობას იტოვებს და მხოლოდ ძალიან მცირე რაოდენობას უშვებს დანარჩენ ორგანიზმში. ხოლო თუ ღვიძლს არ სჭირდება ენერგიის წყარო, მთელს გლუკოზას დაუთმობს ორგანიზმს.
        რაც შეეხება ფრუქტოზას, ხილის შაქარს, აქ საქმე სხვაგარადაა. და მინდა ავღნიშნო, საქმე ეხება როგორც ხილს, ასევე იმ გაზიან ტკბილ სასმელებს, რომლებიც შეიცავენ ხილის სიროფებს. ამ ტიპის საკვებიც იშლება ნაწლავებში და გადადის კარის ვენაში, საიდანაც ხვდება ღვიძლში. გლუკოზისგან განსხვავებით, ღვიძლში მუდამ ,,ჩართულია'' ფერმენტი ფრუქტოზის მისაღებად. აქ უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს ღვიძლს სჭირდება თუ არა ენერგიის წყარო. ამის მიუხედავად ის ყოველთვის იმარაგებს ფრუქტოზას. შედეგად ვიღებთ ზომაში გაზრდილ ღვიძლს, რომელიც გაცხიმოვნებისკენ არის მიდრეკილი. 
        ასეთი გაცხიმოვნებული ღვიძლი ნიშნავს მეტ ცხიმს ორგანიზმში, უფრო ზუსტად კი სისხლძარღვებში. ეს ნიშნავს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის მაღალ დონეს, რაც ხდება კიდევაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მაპროვოცირებელი ფაქტორი. 
        კიდევ ერთი პრობლემა, რასაც მეცნიერები ამ დროს აწყდებიან - ისინი თვლიან, რომ ასეთი მდგომარეობის დროს ინსულინი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვეღარ ასრულებს. ეს კი თავის მხრივ მაღლა წევს დიაბეტის გაჩენის რისკს. აი აქ კი უკვე მოჯადოებული წრე იქმნება - როცა ინსულინი ვერ მუშაობს სათანადოდ, სულ უფრო მეტი ფრუქტოზა გარდაიქმნება ღვიძლში ცხიმად, მეტი ქოლესტერინი გროვდება სისხლ-ძარღვებში და მაღლა იწევს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკი. 
        ასეთ წრეს უკვე მეტაბოლურ სინდრომს უწოდებენ, რისი შედეგიც შეიძლება იყოს სიმსუქნე, მაღალი არტერიული წნევა, მხედველობის გაუარესება, გულის დაავადებები, მაღალი ქოლესტერინი და ა.შ.
        ერთ-ერთი საპრევენციო მექანიზმი - დავფიქრდეთ რა არის შაქარი, მივიღოთ ის როგორც განსაკუთრებული და არა ყოველდღიური საკვები.

No comments:

Post a Comment