ოდესმე გიფიქრით იმაზე, თუ როგორ მოქმედებს ჩვენზე, უფრო სწორედ კი ჩვენს ტვინზე შაქარი? პირადად მე, ყოველთვის მეგონა ტკბილეული კარგი აზროვნებისთვის იყო აუცილებელი. ალბათ ბევრ თქვენგანს დაულევია ბავშვობაში დილით თაფლიანი წყალი ან გამოცდის წინ უჭამია შოკოლადები. წარმოიდგინეთ თქვენი საყვარელი ბრაუნი, ტკბილეული, ნაყინი, გაზიანი სასმელი...
დარწმუნებული ვარ სამზარეულოსკენ გაგექცათ ფიქრები. რატომ? რატომ გვიჭირს ადამიანებს ტკბილ საკვებზე უარის თქმა?
შაქარს ძირითადად ვუწოდებთ ნახშირწყლების მოლეკულებს, რომლებიც ყველა სახის საკვებში გვხვდება. ამის შესამოწმებლად შეგიძლიათ დააკვირდეთ ტკბილეულის შემადგენლობას: გლუკოზა, ფრუქტოზა, სუკროზა, მალტოზა, ლაქტოზა, დექსტროზა და სახამებელი. იგივე შემადგენლობა აქვს ხილის წვენს, სხვადასხვა სიროფებს, ყავისფერ შაქარს და თაფლს.
შაქარი ტკბილეულის გარდა კიდევ გვხვდება კეტჩუპში, იოგურტში, გამომშრალ ხილში (ჩირებში), არომატიზირებულ, გაზიან სასმელებში. რადგან შაქარი ყველგან არსებობს, მნიშნველოვანია ვიცოდეთ როგორ მოქმედებს ის ჩვენს ტვინზე. რა ხდება როცა შაქარი ენას ეხება? რატომ გვინდება ცოტა რაოდენობით შაქრის მიღების მერე უფრო მეტი რაოდენობით მისი მიღება?
მოდით უფრო დაწვრილებით განვიხილოთ მექანიზმი. მაგალითისთვის ავიღოთ შოკოლადი. მისი ჭამის დროს, მასში არსებული შაქარი იწვევს ენაზე არსებული რეცეპტორების გაღიზიანებას. შედეგად ნერვული უჯრედების საშუალებით ეს ინფორმაცია გადაეცემა თავის ტვინს. აქ უკვე ხდება კორტექსის სიტკბოს ზონის გაღიზიანება, რაც იწვევს სხვადასხვა ქიმიური რეაქციების ერთობლიობას სახელად ,,დაჯილდოვების მექანიზმი'' (reward system). ესაა კომპლექსური ელექტრო იმპულსები, რომლებიც თავის ტვინის ქერქში ყალიბდება და პასუხობს კითხვას: ისევ გავიმეორო თუ არა? სხვანაირად რომ ვთქვათ, ერთი ციცქნა შოკოლადის გასინჯვის დროს თქვენს ტვინში დიდი აფეთქებები მიმდინარეობს, რის შედეგადაც ის გაიძულებთ მოქმედების გამეორებას. იგივე ემართება ორგანიზმს ნარკოტიკების მოხვედრის, სექსუალური აქტივობის და კომუნიკაციის დროს. ეს ქცევები ყველა ააქტიურებს ,,დაჯილდოვების მექანიზმს''. თუმცა მათი ზედოზირება ადამიანს საფრთხეში აგდებს.
შაქრის ჭარბი რაოდენობა ორგანიზმს ხდის უკონტროლოს, ზრდის მის მგრძნობელობას გლუკოზის მიმართ და იწვევს კანკალს. შაქარი პირიდან კუჭში, შემდეგ კი ნაწლავებში გადადის. აქაც გვხვდება რეცეპტორები, რომლებიც ტვინს გადასცემენ ინფორმაციას საკმარისი საკვების შესახებ ან აფრთხილებენ გამოიმუშავოს მეტი ინსულინი პანკრეასმა, რათა მოხდეს გლუკოზის ათვისება. ,,დაჯილდოვების მექანიზმის'' მთავარი ნეიროტრანსმიტერია დოფამინი, რომლის ნეირორეცეპტორები არათანაბრადაა ორგანიზმში განაწილებული. დოფამინი გამოიყოფა ალკოჰოლის, ნარკოტიკების ან ნიკოტინის მიღების დროს, რაც იწვევს თრობას. ეს ხდება კიდეც შემდგომში დამოკიდებულების ჩამოყალიბების საფუძველი. შაქარიც მსგავსად მოქმედებს - იწვევს დოფამინის ორგანიზმში გამოთავისუფლებას განსხვავებით ბოსტნეულისგან, რომელიც ნაკლებად მოქმედებს დოფამინის სეკრეციაზე. ამიტომაცაა ბავშვებს ტკბილეული უფრო მეტად რომ უყვართ, ვიდრე ბოსტნეული.
ცოტა რამ დოფამინის შესახებ - ესაა სიამოვნების და მოტივაციის ჰორმონი, რომელიც რაღაც დოზით იწვევს დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. ის ყველაზე დიდი დოზით გამომუშავდება სიამოვნების პროცესში - ჭამის, სქესობრივი აქტივობის და რამდენიმე მედიკამენტის მოქმედების დროს. დოფამინის სეკრეციის დარღვევასთან ასოცირდება პარკინსონის, შიზოფრენიის, ტრემორის და სხვა დაავადებების რისკი. დოფამინის ფუნქციებიდან მნიშვნელოვანია მისი მონაწილეობა სწავლის პროცესში.
რაც შეეხება ჯანსაღ საკვებს, თუ თქვენ ბალანსირებულად იკვებებით, ანუ იღებთ ბოსტნეულს, ხილს, თევზს და რძის ნაწარმს, თავდაპირველად თქვენი ტვინი ამას სიხარულით ხვდება - გამოიმუშავებს დოფამინს. მაგრამ საკმარისია 1 კვირის მანძილზე საკვები არ შეცვალოთ, გამოყოფილი დოფამინის რაოდენობა თანდათან შემცირდება. ამას ორი მიზეზი აქვს: პირველი, ტვინი ფიქრობს რომ საკვები დაძველდა და მეორე, ახალი და განსხვავებული საკვები ახალი ვიტამინების და მინერალების წყაროა. ამიტომ მნიშვნელოვანია საკვების ვიზუალურად გახალისება, გაფერადება, რათა თქვენი ორგანიზმი მოხარული იყოს იმ საკვებისა, რასაც აწვდით. როგორც უკვე ვნახეთ, დოფამინის რაოდენობა პირდაპირ კავშირშია ბედნიერ განწყობასთან.
კიდევ ერთი საკითხი. რა მოხდებ თუკი ჩვენ მუდმივად მივიღებთ მაღალი შაქრის შემცველ საკვებს? ამ შემთხვევაში ტვინი ისევ გამოიმუშავებს დოფამინს და უკონტროლოდ გააგრძელებს ,,დაჯილდოვების მექანიზმის'' ჩართვას.
შაქარი იწვევს დამოკიდებულებას და მსგავსია ნებისმიერი სხვა სახის ნარკოდამოკიდებულების მექანიზმისა. ესაა მიზეზი თუ რატომ გვიყვარს ტკბილი, გაზიანი სასმელები, დონატები და სხვა მაღალი შაქრის შემცველი პროდუქტები.
ეს არ ნიშნავს რომ შაქარზე უარი უნდა ვთქვათ, შაქრის ყველა სახეობა უნიკალური და განსაკუთრებულია. თუმცაღა, აუცილებელია მათი საჭიროებისამებრ გამოყენება, რათა შემდგომში არ გამოიწვიოს დიაბეტი და სხვა სახის დაავადებები.
წყარო: ტედ-ედი
No comments:
Post a Comment